სპეცოპერაცია სვანეთში: მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიმაინინგი
მაინინგი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.
ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მესტიის მუნიციპალიტეტში ბრძოლას იწყებს კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, რომელიც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა.
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
ყველა ახალი ამბავი
0