რუბიო: აშშ-მ საქართველოსგან ორმხრივი კავშირების აღდგენის მზაობის გარკვეული სიგნალები მიიღო

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიმარკო რუბიო
მარკო რუბიო - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2026
გამოწერა
რუბიოს განცხადებით, ვაშონგტონმა ქართულ მხარეს განუმარტა, თუ რა არის საჭირო უკეთესი პარტნიორობისა და ურთიერთობების გადატვირთვისთვის და უკვე მიიღო გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები საქართველოს ხელისუფლებისგან.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
რუბიოს განცხადებით, ვაშონგტონმა ქართულ მხარეს განუმარტა, თუ რა არის საჭირო უკეთესი პარტნიორობისა და ურთიერთობების გადატვირთვისთვის და უკვე მიიღო გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები და სიგნალები საქართველოს ხელისუფლებისგან.
„ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომაც, იმედია ვიხილავთ ტრაექტორიის ცვლილებას საქართველოს შემთხვევაში იმ მდგომარეობიდან, სადაც ის დღეს იმყოფება. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და, შესაძლოა, შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც“, - განაცხადა რუბიომ.
აღნიშნული განცხადება რუბიომ გააკეთა საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი მკაცრი კრიტიკითცნობილი კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის პასუხად.
ჯო უილსონმა საქართველოს შესახებ საუბრისას ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" კი ირანთან და ჩინეთთან თანამშრომლობასა ანტიდასავლური დღის წესრიგის გატარებაში დაადანაშაულა და კითხვა დასვა „თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნების" მთავრობა უწყობს ხელს?".
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი სრულად იზიარებს „აღნიშნულ შეშფოთებას", თუმცა, ბოლო პერიოდში ქართული მხარისგან ორმხრივი კავშირების აღდგენის მზაობის გარკვეული სიგნალები მიიღეს. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ არსებული ნეგატიური დინამიკის შეცვლა შესაძლებელია, რაც საბოლოო ჯამში თბილისის კონკრეტულ ქცევასა და ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, დასძინა რუბიომ.
აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, სადაც შემხვედრი ნაბიჯები იქნება გაწერილი.
საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით როგორც ადრე გამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ გამოაქვეყნებულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებაშია აღნიშნული: აშშ გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, ასევე განიხილავს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.
მაისის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა „სუფთა ფურცლიდან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი“.
1-ელ ივნისს დელეგაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს". დელეგაციამ საქართველოს მთავრობას ასევე გადასცა კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა და ასევე „მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ".
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0