EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ გადახედა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიEBRD-ის ოფისი
EBRD-ის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2026
გამოწერა
პროგნოზს 5–5,5%-ის დონეზე სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ინარჩუნებენ.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, ნათქვამია ბანკის ახალ ანგარიშში „რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები“.
2026 წლის თებერვალში EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი პროგნოზი უკვე გაზარდა 0,5 პროცენტული პუნქტით – 5,5%-მდე.
EBRD-ის ახალი პროგნოზის თანახმად, 2026 წელს საქართველოს მშპ-ის ზრდა 6%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წელს – 5%-ს.
„პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ 2026 წელს 6%-ით, ხოლო 2027 წელს 5%-ით გაიზრდება. უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა კიდევ უფრო დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ბანკი აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, შესაძლოა, მაინც შეანელოს ეკონომიკური აქტივობა, რადგანაც ის ამცირებს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს და ზრდის იმპორტირებული ენერგორესურსების ღირებულებას.
როგორც ადრე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ასევე გადახედა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საკუთარ პროგნოზს და ის 5%-დან 6,3%-მდე გაზარდა.
„4 თვეში 8%-ზე მეტი გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 5%-ის რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ვინაიდან უკვე უფრო მაღალი მაჩვენებელია, გადავხედეთ ამ მიმართულებას და წელს პროგნოზი გვაქვს, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა იქნება 6,3%", - განაცხადა კაკაურიძემ.
გარდა ამისა, მაისში საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედეს და მაჩვენებელი 6%-დან 7%-მდე გაზარდეს, ხოლო TBC Capital-ის ანალიტიკოსებმა შეფასება კვლავ გაზარდეს – 6,1%-დან 7,4%-მდე.
საკუთარი პროგნოზი გააუმჯობესა ევროკომისიამაც – 5,3%-დან 5,5%-მდე.
პროგნოზს 5–5,5%-იან დონეზე ინარჩუნებენ სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც, მათ შორის მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6,2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,3%-ს გაუტოლდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.
ყველა ახალი ამბავი
0