ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

© Department of Environmental Supervisionხის მორები
ხის მორები - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2026
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოქალაქეს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული.
ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 15 ერთეული მრგვალი ხეტყე (მორი) და დაახლოებით 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0