ქვრივიშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის სტრატეგიულია

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
გამოწერა
ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, საერთო ძალისხმევისა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
დღეს, 2 ივნისს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდა - მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის ცერემონია ახალქალაქის რკინიგზისა და ლოგისტიკის კომპლექსში გაიმართა.
ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, საერთო ძალისხმევისა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითს.
„გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა ბაქო-თბილისი-ყარსის სრულფასოვან ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების დროულად გადაჭრა და წარმატებით დასრულება“, -აღნიშნა მინისტრმა.
მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა მარაბდა-კარწახის 180-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა: მათ შორის, ეს არის ახალი და რეაბილიტირებული ხიდები, თანამედროვე სტანდარტების სადგურები, გზაგამტარები, წევის ქვესადგურები, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი და ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსი დღეს უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.
„ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებადი სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ იზრდება „შუა დერეფნის" მიმართ საერთაშორისო ინტერესი და ძლიერდება საქართველოს როლი ამ პროცესში“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, პროექტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობას.
აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა 18 მაისს, ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად, რომელიც ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებას. აღნიშნულ სტრატეგიულ ინიციატივას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ისტორიული მნიშვნელობის პროექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ორალოღლუმ.
გარდა ამისა, ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ასევე სტუმრები უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიან სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენდა 2007 წელს ხელმოწერილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
2020 წლის იანვარში, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, უზბეკეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.
მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალზე წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს.
ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გარდაქმნას, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსოფლიოს 100 საუკეთესო პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთ გლობალურ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.