საქართველოში თამბაქოს მოხმარებით ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება

© photo: Sputnik / Stringer„მოწევა აკრძალულია"
„მოწევა აკრძალულია - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2026
გამოწერა
საქართველო თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას (FCTC) 2006 წლის 15 მაისს შეუერთდა. ამ ნაბიჯით ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება, დანერგოს თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11,4 ათას გარდაცვლილს აღწევს, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით.
31 მაისს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე (World No Tobacco Day) აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თარიღი 1987 წელს დააარსა - წელს ამ დღის მთავარი გზავნილია - „მიმზიდველობის ნიღბის ჩამოხსნა - ნიკოტინისა და თამბაქოს დამოკიდებულების წინააღმდეგ“.
მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრაზე განაცხადა, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებიდან 20 წლისთავზე, საქართველომ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით, რაც სტანდარტიზებული შეფუთვის დანერგვასა და კანონმდებლობის გამკაცრებაში გამოიხატა”, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, 2018 წლიდან დახურულ სივრცეებში მოწევის სრულმა აკრძალვამ და რეკლამირების შეზღუდვამ მყისიერი პოზიტიური გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.
კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით, სარჯველაძემ განსაკუთრებით გამოყო ქვეყანაში ახლად ამოქმედებული თამბაქოს ერთიანი სტანდარტული შეფუთვის რეგულაცია, რაც მიზნად ისახავს პროდუქტის მარკეტინგული მიმზიდველობის მინიმუმამდე დაყვანას. მისი თქმით, მიუხედავად რიგი წარმატებებისა, საქართველოში თამბაქოს მოხმარების საერთო დონე კვლავ საგრძნობლად აღემატება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს - ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებისგან წელიწადში 11, 400 ადამიანი იღუპება.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ლეტალური შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიურ (განსაკუთრებით ფილტვის კიბო) და სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებზე, რაც პირდაპირ კავშირშია თამბაქოს ხანგრძლივ მოხმარებასთან.
შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვეს ელექტრონული სიგარეტებისა და ე.წ. „ვეიპების“ გამო, რადგან მარკეტინგული კამპანიები მათ ხშირად „უსაფრთხო ალტერნატივად“ წარმოაჩენენ, რაც რეალურად ახალგაზრდებში ნიკოტინზე დამოკიდებულების ახალ ტალღას აჩენს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვლევები ადასტურებს, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო არ წარმოადგენს თამბაქოზე თავის დანებების უსაფრთხო საშუალებას, ისინი შეიცავენ ტოქსიკურ, კანცეროგენულ ნივთიერებებსა და მძიმე მეტალებს, რომლებიც იწვევენ ფილტვის ქრონიკულ დაავადებებსა და კიბოს რისკს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" მონაცემებით, მოზარდებში ამ პროდუქტების გამოყენება გაორმაგდა და 14%-ს მიაღწია, რაც მიღწეულ პროგრესს საფრთხეს უქმნის, დასძინა მან.
გლობალური ზრდასრულთა თამბაქოს კვლევის (GATS) უახლესი მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში თამბაქოს მოხმარების საერთო მაჩვენებელი 33%-იდან 24%-მდე შემცირდა. მიუხედავად 9%-იანი კლებისა, რითაც ათასობით სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა. თუმცა, პროგრესის ფონზე საგანგაშოა ახალი ტენდენციები.
საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას (FCTC) 2006 წლის 15 მაისს შეუერთდა. ამ ნაბიჯით ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება, დაენერგა თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები.
საქართველოში მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად, ქვეყანაში 2017 წლიდან აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. ასევე კანონი კრძალავს თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას ავტომობილებსა და ტაქსებში არასრულწლოვნების თანდასწრებით. აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.
ქვეყანაში ასევე აკრძალულია თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ყველა პროდუქტის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა.
2025 წლის 1-ელი აპრილიდან კი ქვეყანაში სრულად ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის ერთიანი სტანდარტული შეფუთვის (Plain Packaging) ვალდებულება. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ითვლება დარღვევად და ექვემდებარება ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0