სათბურები ბინებში: თბილისში ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს

გამოწერა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თბილისის სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ბინებში სპეციალური სათბურები მოაწყვეს
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ნარკოდამნაშავეთა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თბილისის სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ბინებში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სათბურები, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კანაფის" უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდნენ.
პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: "კოკაინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", მცენარე "კანაფი" და „გამომშრალი მარიხუანა".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0