მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.
თბილისი, 26 მაისი- Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
როგორც აზერბაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მისალოც წერილშია აღნიშნული, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ხალხებს შორის.
„გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - პირადად თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით. ძალიან გვახარებს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს დინამიური განვითარება და მიღწევები“, - განაცხადა ალიევმა.
ალიევმა ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე და აღნიშნა, რომ ამჟამად, ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ახალი შინაარსით გასამდიდრებლად და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ფაშინიანის თქმით, საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით”, - ნათქვამია ფაშინიანის მისალოც წერილში.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს.
„პატივცემულო პრემიერო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გასულ თვეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე თქვენი ვიზიტისას მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ჩვენი მჭიდრო მეგობრობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება ჩვენი ხალხების, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს“, - აღნიშნულია ერდოღანის მისალოც წერილში.
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო.
„გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“,- აღნიშნულია ლი ციანის მილოცვაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩიც. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. ეს დღე წარმოაჩენს ქართველი ერის ურყევ ძალას, გამძლეობასა და მისწრაფებებს, რომელსაც უწყვეტ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პარტნიორობა კვლავაც გაღრმავდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და ჩვენს ფართო რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია პლენკოვიჩის მილოცვაში.
ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევიც, რომელიც ორი ქვეყნის მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - 26 მაისთან - დაკავშირებით. მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაში საერთო ინტერესების სფეროებში, ხოლო მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში ხელს შევუწყობთ საერთაშორისო ინიციატივების კონტექსტში ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტიც და აღნიშნავს, რომ სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის ყველა სფეროში ვითარდება.
„სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა განვითარებას განაგრძობს საერთო ინტერესის ყველა სფეროში. თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს.“, - აღნიშნულია სერბეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.