ვოლსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული კრიზისის მთავარი მიზეზი დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
გამოწერა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის აზრით, თანამედროვე ევრობიუროკრატიამ იმ ფუნდამენტური პრინციპებიდან, რომლებსაც საფუძველი ევროკავშირის დამფუძნებელმა მამებმა ჩაუყარეს, კრიტიკულად გადაუხვია.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას საგარეო კურსი არ შეუცვლია, მაშინ როცა თავად ვროკავშირმა შეცვალა თავისი პოლიტიკა, განაცხადა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „EURO-ანატომიის" ეთერში.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია - ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. [საქართველოს ]ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ“, -განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ბიუროკრატია, რომელიც დღეს განაგებს ევროკავშირს, არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება, თუკი ეს ცვლილება არჩევნების გზით ძირეულად არ მოხდა.
„ხელისუფლებები იცვლებიან, ახალი ხელისუფლებები მოდიან და შესაბამისად, იცვლება ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან და ზოგადად, მთელს მსოფლიოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ევროკავშირის შექმნისას გაერთიანების საფუძველს წარმოადგენდა თანამშრომლობის პრინციპები და ადამიანებისა და სახელმწიფოებისთვის კეთილდღეობის სივრცის ფორმირება. თუმცა, მისი აზრით, დღეს ევროკავშირი დაშორდა ამ პირვანდელ პრინციპებს.
„როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, ეფუძნებოდა თანამშრომლობის პრინციპების განვითარებას, რომელიც შექმნიდა კეთილდღეობის რეალობას და ამ კეთილდღეობის სივრცეში ადამიანები იპოვიდნენ პირადი, ოჯახის თუ ქვეყნების განვითარების პერსპექტივას“, -განაცხადა ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერის აზრით, ბრიუსელის ამჟამინდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ განისაზღვრება გეოპოლიტიკური ინტერესებით, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან და უკრაინის კონფლიქტთან.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დღეს განისაზღვრება არა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომელსაც თუნდაც სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, არამედ მათი ინტერესის შესაბამისად - დაამარცხონ, ან სერიოზული პრობლემები შეუქმნან რუსეთს საქართველოს მეშვეობით.
ვოლსკის განცხადებით, მსოფლიოში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ წამყვანი საერთაშორისო მოთამაშეები (ჩინეთი, აშშ, რუსეთი და ევროკავშირი) მივლენ იმ დასკვნამდე, რომ კონფრონტაციის ნაცვლად მოლაპარაკებებია საჭირო.
„როგორც კი პოლიტიკურ ველზე დიდი მოთამაშეები - ჩინეთი, აშშ, რუსეთი და ევროკავშირი იგრძნობენ აუცილებლობას, რომ ერთმანეთთან მოლაპარაკებების გზა არის სწორი და არა არის ატომური შეიარაღების გამოყენება, ეს მთელს მსოფლიოს მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას“, -აღნიშნა ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერმა მოუწოდა საზოგადოებას, უფრო ფართოდ შეხედოს მიმდინარე პროცესებს და გაითვალისწინოს გეოპოლიტიკური ვითარება სამხრეთ კავკასიაში. კერძოდ, მან ახსენა ზანგეზურის დერეფნის პროექტი და აშშ-ის ინტერესი იმ სატრანსპორტო მარშრუტების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ აზია დასავლეთის ბაზრებთან დააკავშირონ.
„რეალურ გეოგრაფიულ მოცემულობაზე კონტროლი და გავლენა არის ამოცანა, რომელსაც არაერთი ქვეყანა ესწრაფვის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არაერთხელ აცხადებდა, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, რითაც გაიხსნებოდა „მეორე ფრონტი“ და ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ ნაბიჯზე უარის თქმამ გამოიწვია ურთიერთობების გაცივება დასავლეთთან.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი გახდა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობას ბრალი დასდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თბილისი დაზარალდებოდა. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურსა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0