განათლების მინისტრი პარლამენტში დაიბარეს

© Courtesy of Givi Mikanadze გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2026
გამოწერა
კითხვები შეეხება განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებასა და ზოგად განათლებას.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 28 მაისს ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მინისტრი კანონმდებლების წინაშე ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნით წარდგება.
კითხვები შეეხება განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებასა და ზოგად განათლებას.
საქართველოში მიმდინარე წელს განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო, რომლის მთავარი კონცეფცია სკოლებში 12-წლიანი სწავლების ნაცვლად 11-წლიანზე გადასვლაა.
ამასთან, საშუალო განათლების ატესტატის მიღების შემდეგ, ახალგაზრდებს საკუთარი სურვილით შეეძლებათ დამატებით XII კლასში ისწავლონ. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ისევე როგორც სკოლის სასწავლო გეგმა, ერთიანი იქნება.
კიდევ ერთი სიახლე იქნება საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო სასკოლო ფორმის შემოღება. აღნიშნული სიახლე 2026/2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი სკოლის — პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით — მოსწავლეებს შეეხებათ.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების სისტემას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, თავად სასწავლებლები კი უპირატესად ვიწროპროფილური გახდება.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. მათ, ვისაც სწავლის დოქტორანტურაში გაგრძელება სურთ, მაგისტრატურაში დამატებითი ერთი წლის გავლა მოუწევთ.
ყველა ახალი ამბავი
0