რა ეტაპზეა რუსთავთან სტუდქალაქის მშენებლობა - ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის შესასვლელი
რუსთავის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2026
გამოწერა
რა ეტაპზეა რუსთავთან სტუდქალაქის მშენებლობა - ბოლო ინფორმაცია
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. მუნიციპალური განვითარების ფონდი 40.000 სტუდენტზე გათვლილი რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად შერჩეულ არეალში უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურებს აწარმოებს. ამის შესახებ ფონდმა დეპუტატ სოფიო ხორგუანს სადეპუტატო კითხვის პასუხად მისწერა.
2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სტუდენტური რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე 50.000 ჰექტარზე აშენდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კამპუსის აშენება ქუთაისში, ძველი პარლამენტის შენობის გვერდით იგეგმება.
განვითარების მუნიციპალური ფონდის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ აღნიშნულ არეალში მოქცეული უძრავი ქონებები უკვე შეფასდა. ამ ეტაპზე, ფონდის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები მიმდინარეობს.
სტუდენტური კამპუსებისა და საერთო საცხოვრებლების საკითხი 2022 წლის შემდეგ გამწვავდა. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები თბილისში ქირის მაღალი ფასების გამო მართავდნენ საპროტესტო აქციებს, სადაც საერთო საცხოვრებლების აშენებას მოითხოვდნენ.
როგორც განათლების მინისტრმა ადრე განაცხადა, რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქის ახალი პროექტის ფარგლებში მოეწყობა საცხოვრებლები, ბიბლიოთეკები, რეკრეაციული ზონები, სწავლისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ყველა ახალი ამბავი
0