ქვრივიშვილი: საქართველო სტრატეგიულ რეგიონულ ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობს

© Ministry of Finance of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2026
გამოწერა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 23 მაისი - Sputnik. შიდა რეფორმების პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, ბუნებრივი რესურსების მეორე სამიტის - INRES 2026-ის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრთა სესიაზე.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და თურქეთის ძალიან მჭიდრო, სტრატეგიულ პარტნიორობას.
მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობაში, გადამცემ ინფრასტრუქტურასა და რეგიონულ დაკავშირებადობაში ორმხრივ ნდობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ძლიერი რეგიონული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესების, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის მხარდაჭერისა და როგორც ევროპის, ისე ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გადადის განხორციელების მომდევნო ფაზაში, რაც მოიცავს ზღვის ფსკერის დაგეგმილ გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებს. მოხარულები ვართ, რომ პროექტი ოფიციალურად არის შეტანილი ევროკავშირის ურთიერთინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში, რაც ამ პროექტის წინსვლისა და განხორციელებისადმი ევროპის ძლიერ მხარდაჭერას ასახავს“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის შეფასებით, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით, პრაქტიკული პარტნიორობითა და გრძელვადიანი ხედვით მიიღწევა.
მისივე თქმით, მსგავსი სამიტები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის პერსპექტივების გაზიარების, დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრისთვის.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რეგიონში დაკავშირებადობის საკითხზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს.
მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. მინისტრის განცხადებით, პორტის პროექტი, ენერგეტიკულ დერეფნებთან ერთად, შექმნის ერთიან, მძლავრ ინფრასტრუქტურულ საფუძველს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ეფექტური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციას.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
საქართველო შუა დერეფანს 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0