გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2026
გამოწერა
საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
გამოძიების მიხედვით, ლევან ახობაძისთვის 2024 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ რომ კერძო მეწარმეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მლნ რუსული რუბლის (ეროვნული ბანკის კურსით 1,1 მლნ ლარი) ოდენობით. აღნიშნულ პერიოდში ახობაძე სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით ჯარიმდება ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევით.
"ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით, მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე უარი მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ ლევან ახობაძე შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 500 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა.
"თუმცა, როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნულმა პირმა ლევან ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს გადასცა 250 ათასი ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს ახობაძეს საკუთარ სამუშაო ოთახში გადაეცა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილებისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების, ასევე სხვა მსგავსი დანაშაულების გამოვლენის მიზნით.
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ოთხ ეპიზოდში ედება, მათ შორის ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0