ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© United National Movementლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2026
გამოწერა
ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე გასული წლის 11 სექტემბერს დააკავეს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისათვის დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, მას სასამართლომ ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ არც ლევან ხაბეიშვილი და არც მურთაზ ზოდელავა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაბეიშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.
ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა.
მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.
ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს.
ლევან ხაბეიშვილს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, გამოძიების ინფორმაციით, ის უკანონოდ ჩაერია სუს-ის გამომძიებლის საქმიანობაში და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა, გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
ზოდელავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე ზოდელავას 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, რაც იმას ნიშნვას, რომ 9-თვიან სასჯელს შთანთქავს.
ყველა ახალი ამბავი
0