საქართველოში პლასტიკის ჭურჭლის გაყიდვისთვის ჯარიმების შემოღება იგეგმება

© photo: Sputnik / Павел Лисицынპლასტიკის ჭურჭელი
პლასტიკის ჭურჭელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2026
გამოწერა
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში აკრძალულია ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები მიმდინარე კვირაში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც საქართველოში პლასტიკის ჭურჭლის გაყიდვის აკრძალვის დარღვევისთვის ჯარიმების შემოღებას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, „პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა – დაექვემდებარება ჯარიმას 1 ათასი ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში აკრძალულია ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. "საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე. აკრძალვა გავრცელდა არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.
არსებული აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს მაღაზიებში ერთჯერადი ჭურჭლისა და აქსესუარების შეძენა ამ დრომდეა შესაძლებელი.
მთავრობის განმარტებით, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა, აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის.
საქართველოში პლასტიკთან ბრძოლა 2019 წელს დაიწყო. ქვეყანამ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების და ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88 % პლასტმასს წარმოადგენს, მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41%-ს შეადგენს.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. "საწრუპს", თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0