ტერორისტულ ორგანიზაციის წევრობის ბრალებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
დანაშაული 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობის სოფლებში: ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს.
„ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. „ჯამაათის“ ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას“, - განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.
გამოძიება სსკ-ის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0