დამოუკიდებლობის დღე: თბილისის ცენტრში მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გამოწერა
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე ტრანსპორტის მოძრაობა 20 მაისიდან ეტაპობრივად შეიზღუდება
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელი იარსება.
მერიის ინფორმაციით:
პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე, ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.
ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.
გარდა ამისა, 24 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის ჩათვლით პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე.
შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გამოყენებით), ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.
დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც.
კერძოდ, 20 მაისის 20:00-დან 21 მაისის 01:00 საათამდე, აგრეთვე, 21-22 მაისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერეამდე“ და შემდეგ უკუმიმართულებით, ხოლო მტკვრის ორივე სანაპიროდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე (ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთა).
რაც შეეხება ალტერნატიულ მარშრუტებს, კერძო ავტომობილების გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის, ასევე, მათი მიმდებარე ქუჩების დახმარებით.
ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას. კერძოდ, აღნიშნულ ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით.
გარდა ამისა, 24 მაისის 00:00-დან 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.