პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება „ფარმაცევტული მაფიის" ინტერესებით არ იმოქმედებს

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
საუბარია არა მთავრობის პირად სახსრებზე, არამედ გადასახადის გადამხდელთა ფულზე, რის გამოც ხელისუფლება საკითხს პრაგმატულად უდგება, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა არ უნდა მოქმედებდეს „ფარმაცევტული მაფიის" ინტერესებით, არამედ ვალდებულია მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილებები ბიუჯეტის სახსრების ხარჯვისას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად.
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ყოველდღე საპროტესტო აქციებს მართავენ და საქართველოში საჭირო მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ, რომლებსაც დაავადების პროგრესირების შენელება შეუძლიათ - ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა შეიძინოს პრეპარატი, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მისი დამტკიცების შემდეგ.
„ამ პრეპარატების თვითღირებულება 300-დან 700 დოლარამდეა, თუმცა მათ 700 ათას და 3 მილიონ დოლარად ყიდიან. თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ფარმაცევტული მაფიის რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე. მთავარია, არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საუბარია არა მთავრობის პირად სახსრებზე, არამედ გადასახადის გადამხდელთა ფულზე, ამიტომ ხელისუფლება საკითხს პრაგმატულად უდგება.
„ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომელიც მობილიზებულია ბიუჯეტში“, -აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, აღნიშნული თანხები რაციონალურად დაიხარჯება თუ „ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას“ მოხმარდება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობა ვალდებულია რაციონალურად გადაანაწილოს გადასახადების გადამხდელთა სახსრები, თუმცა ამავდროულად ესმის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მდგომარეობაც.
„ამ საკითხში აუცილებელია ექსპერტული ცოდნა, ამიტომ სჯობს ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში გაგრძელდეს ამ საკითხზე კონსულტაციები“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის განიხილოს ეს თემა ყველა მხარესთან, მათ შორის პატრიარქ შიო მესამესთან, რომელმაც დღეს შეხვედრა გამართა დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს
„მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან. მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს. თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, -განაცხადა კობახიძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე.
დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
ყველა ახალი ამბავი
0