სასამართლომ ტროტუარზე დგომის გამო ნანუკა ჟორჟოლიანს სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯა

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეწამყვანი და „ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა, იწყება ტელეკომპანია „TV პირველი".
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა. ჟურნალისტი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
გასული წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო, რომლის მიხედვით შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზეც გავრცელდა.
გამკაცრებული კანონით, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელია სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც.
ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებისთვის აქციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს - 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი იქნება, სატრანსპორტო მიმართულებებისა და ტროტუარების გადაკეტვა კანონიერად ითვლება.
პროტესტი თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების, გზების უსაფუძვლო ბლოკირების, ნიღბების ტარების აკრძალვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.
აღნიშნული წესების შემოღების შემდეგ საპროტესტო აქციები პრაქტიკულად ჩაცხრა. მიუხედავად იმისა, რომ აქციები ყოველდღიურად იმართება, მათში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0