გურჯაანში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Stringerძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე იორთან ახლოს მდებარე ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფერმაში განთავსებულია 1000 სული წვრილფეხა და 17 სული მსხვილფეხა საქონელი, 2 ცხენი და 6 ძაღლი.
„მიმდინარე წლის 14 მაისს ერთ-ერთმა ძაღლმა, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, დაკბინა ხუთი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი. ძაღლი რამდენიმე დღეში მოკვდა, რის შემდეგაც პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ძაღლს ცოფი დაუდასტურდა“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, მოკვლევით დადგინდა, რომ აღნიშნულ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჰქონდათ ჩატარებული.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო არავაქცინირებულ ცხოველებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მფლობელის პასუხისმგებლობით დაწესდეს 6-თვიანი ზედამხედველობა.
დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0