საქართველოში „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ოფიციალურად ამოქმედდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
ფასდაკლებები ეხება მოგზაურობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო მომსახურებებს, კვების ობიექტებს, მუსიკალურ ფესტივალებს და ა.შ.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ქართველ ახალგაზრდობას 19 მაისიდან შეუძლია ისარგებლოს „ევროპული ახალგაზრდული ბარათით" (European Youth Card), რომელიც მათ ევროპის 40 ქვეყანაში 25 ათასზე მეტი ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებას აძლევს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
აღნიშნულ პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც 2025 წლის მაისში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრი გახდა. პროგრამის მიზანია ქართველი ახალგაზრდებისთვის მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურისა და გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება. პროგრამა გათვლილია 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეებზე.
„ჩვენ გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია. ბარათი მილიონობით ქართველი ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის. გახსოვდეთ, ეს ბარათი მხოლოდ ფასდაკლებები არ არის – ეს არის ახალი გამოცდილება, ახალი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტი კავშირი ევროპულ სივრცესთან“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბარათის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, თბილისის მერია საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ახალგაზრდების მხარდასაჭერად სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს.
მერიის ინფორმაციით, ვისაც უკვე აქვს ციფრული საბანკო ბარათი, პარალელურად ადვილად შეძლებს ისარგებლოს ევროპული ახალგაზრდული ბარათის ფასდაკლებებითა და ბენეფიტებით. გარდა ამისა, ევროპელი ვიზიტორები შეძლებენ, ისარგებლონ ფასდაკლებებით საქართველოში, ხოლო ქართველი ახალგაზრდები ფასდაკლებებს მიიღებენ ევროპაში.
პროექტში ჩართულია მუნიციპალური და სახელმწიფო კომპანიები, ორგანიზაციები, რომლებიც სპორტულ, საგანმანათლებლო, სახელოვნებო სერვისებს სთავაზობენ საზოგადოებას. ასევე ჩართულია მულტიფუნქციური ცენტრები, თეატრები.
ფასდაკლებები ეხება მოგზაურობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო მომსახურებებს (flixbus, flixtrein, Iberia airways, Airalo), კვების ობიექტებს, მუსიკალურ ფესტივალებს, წიგნებისა და სხვადასხვა ნაწარმის მაღაზიებს, სასტუმროებს, გასართობ პარკებს.
ბარათის მიღება „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკშია შესაძლებელი და ერთჯერადად 10 ლარის გადახდით მისი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება - პროგრამა ევროპის 40 ქვეყანაში 25 ათასზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს და 9,3 მლნ ახალგაზრდას აერთიანებს.
ევროპის ახალგაზრდული ბარათი 1986 წლიდან მოქმედებს და იმართება ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მიერ, რომელიც ბრიუსელში დაფუძნებულ არაკომერციულ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0