ბოლო 20 წელში პირველად: პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2026
გამოწერა
შალვა პაპუაშვილი პეკინში ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით გაემგზავრა.
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილი პეკინში ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი დონის შეხვედრები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 20 წლის მანძილზე ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან ვიცე-სპიკერები: ნინო წილოსანი, სოზარ სუბარი და გიორგი ვოლსკი, რომელიც საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე არიან საგარეო ურთიერთობათა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები.
საქართველო და ჩინეთი
ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 20,7%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებს 2 ჩინური ავიაკომპანია.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0