გულაშვილი: საქართველომ ევროპას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა

მალხაზ გულაშვილი
მალხაზ გულაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2026
გამოწერა
ოჯახური ღირებულებები და ტრადიციები არ მისცემს საქართველოს საშუალებას, შეუერთდეს ევროკავშირს, რადგანაც ევროკავშირმა ამ ღირებულებების დაფასება შეწყვიტა.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველომ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს რამდენმერმე ჩაუტარა გაკვეთილი ტრადიციული ფასეულობების გარშემო ეროვნული ერთიანობის თაობაზე, რომელთაგან ერთ-ერთი ოჯახის სიწმინდის დღეა, განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა, გამოცემა The Georgian Times-ის დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოში 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2014 წელს დააწესა. ეს თარიღი 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ დაწესდა, როდესაც თბილისის ცენტრში ლგბტ- საზოგადოების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა.
„საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა. პირველი გაკვეთილი ეს არის 17 მაისი, მეორე გაკვეთილი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის დაკრძალვა იყო, მესამე — თუ როგორ ავირჩიეთ ახალი პატრიარქი, მეოთხე გაკვეთილი კი მისი ინტრონიზაციაა. ამ ყოველივეთი საქართველომ აჩვენა, რომ არცერთ ქართველს არ სურს ამ ფასეულობების შეცვლა ან მათზე უარის თქმა“, — განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.“, - განაცხადა გულაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
მისი თქმით, საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი არა თუ მარცხდება, არამედ განადგურებულია და მას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
როგორც გულაშვილმა აღნიშნა, თითოეულ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად განკარგოს თუ რა კანონი მიიღოს და როგორ. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირში რომც შევიდეს, ევროპული კანონმდებლობა არ უნდა გახდეს პრიორიტეტული ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის ხარჯზე, რასაც მან დაუშვებელი უწოდა.
ექსპერტის აზრით, მსგავსი ტიპის დარღვევები, როდესაც ბავშვებზე ზეწოლას ახორციელებენ და მათ უკარგავენ არჩევანის უფლებას, საზოგადოების ძალიან მკაცრი ყურადღების ქვეშ უნდა მოექცეს.
„ღმერთმა ადამიანი შექმნა მამაკაცად და დედაკაცად და ისინი რატომ ცდილობენ, რომ ორი მამა ან ორი დედა იყოს? ამის მიზანია, თავს მოგვახვიონ საკუთარი იდეოლოგია, რომელიც არ არის ქრისტიანული, ადამიანური, ძალიან შორს არის მორალური პრინციპებისგან და იმ ღირებულებებისგან, რაც ადამიანს ოდითგანვე ამოძრავებს და ამოქმედებს", - განაცხადა გულაშვილმა.
მისი თქმით, გენდერულ თემებზე გარე ძალების ზეწოლისგან თავის დაცვა მხოლოდ ერისა და ხელისუფლების ერთიანობით არის შესაძლებელი.
კითხვაზე — გახდება თუ არა საქართველოში მიღებული „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონი ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლება (ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არსებული ზეწოლის გათვალისწინებით), გულაშვილმა უპასუხა, რომ ის ამაში დარწმუნებულია.
„დღეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას. იქ აქვთ რაღაც ახირებული აზრები და ამ ახირებული აზრების გამო ქართველი ერი არ მოინდომებს ამ გაერთიანებაში გაწევრიანებას, პირდაპირ გეტყვით“, - აღნიშნა გულაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის ეროვნული ღირებულებები „ევროკავშირის ღირებულებისგან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება“.
„შესაბამისად, რა გვინდა ისეთ გაერთიანებაში, სადაც ჯერ არ შევსულვართ და უკვე რაღაც დიქტატორული მეთოდებით გვეპყრობიან და ტოტალიტარული მეთოდებით გვაიძულებენ, რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც არც ღმერთისა და არც ადამიანის წინაშე არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს“, - განაცხადა გულაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0