დეპორტაციები ევროკავშირიდან 2025 წელს - საქართველო მეორე ადგილზეა

© photo: Sputnik / Алексей Витвицкийევროპარლამენტის შტაბ-ბინა ბრიუსელში
ევროპარლამენტის შტაბ-ბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2026
გამოწერა
2025 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 10.475 მოქალაქე დააბრუნეს, პირველ ადგილზე კი თურქეთია - 13.405 დეპორტირებული ადამიანით
თბილისი, 14 მაისი — Sputnik.საქართველო მეორე ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირის ტერიტორიიდან 2025 წელს გააბრუნეს, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის - Eurostat-ის მასალებში.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 10.475 მოქალაქე გააბრუნეს.
პირველ ადგილზეა თურქეთი - 13.405 ადამიანი, მესამეზე - სირია - 8.370, შემდეგ მოდის ალბანეთი - 8.020.
Eurostat-ის მონაცემებით, გერმანიამ მესამე ქვეყნების მოქალაქეთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 29.295 პირი გააძევა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი 14.940-ით, ხოლო მესამეზე - შვედეთი 11.250-ით.
2025 წელს ევროკავშირში შესვლაზე უარი ეთქვა 132.600 მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რაც 7,1%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (123.835). აქედან ევროკავშირში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოს 4.785 მოქალაქეს.
გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად მცხოვრები პირების რაოდენობა 21,7%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ არალეგალური იმიგრანტების რაოდენობა 918.525-დან 719.395-მდე შემცირდა.
2025 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს 16.230 მოქალაქე არალეგალურად იმყოფებოდა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
ყველა ახალი ამბავი
0