პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2026
გამოწერა
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. აღნიშნულ პირებს შორის არის საზღვარგარეთ მყოფი ორი ე.წ. კანონიერი ქურდი - ლევან მარღია და ნოდარ შუკაკიძე.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.
„დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს და შემდეგ დიდი ოდენობით თანხას საკუთარ ანგარიშზე რიცხავდნენ.
„ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდებს დახმარების მიზნით პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, "ქურდული სამყაროს" სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კანონიერ ქურდებს“უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა, 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0