შუა დერეფანი, ვაჭრობა, ტურიზმი, ინვესტიციები: საქართველო და თურქმენეთი კავშირს აღრმავებენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკის მინისტრი აშხაბადში იმყოფება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აშხაბადში იმყოფება - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2026
გამოწერა
ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობის წევრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული ციფრული და სატრანსპორტო ჰაბის სტატუსს.
თბილისი, 8 მაისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშხაბადში თურქმენეთის მთავრობის წევრებთან ერთად განიხილა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოტენციალი, შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობა, ასევე ურთიერთქმედება ტურიზმის, ენერგეტიკისა და ინვესტიციების სფეროში, იტყობინება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან.
„ჩვენ საკმაოდ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ორ ქვეყანას აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა თურქმენეთიდან ინვესტიციების ზრდის პოტენციალზე, განსაკუთრებით საწარმოო მიმართულებით. პრეზიდენტთან შეხვედრისას ასევე ვრცლად ვისაუბრეთ იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს უშუალოდ შუა დერეფნის კონტექსტში - თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მინისტრის თქმით, თურქმენეთი საქართველოს გამორჩეული პარტნიორია ტვირთნაკადების თვალსაზრისით, მისი საუბარი ბერდიმუჰამედოვთან შეეხო იმ შესაძლებლობებს, რაც გააძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას და როლს, როგორც დამაკავშირებელი რგოლის, მათ შორის თურქმენეთიდან წამოსული ტვირთების საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებისა და განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართულებით ტრანზიტის კუთხით.
აღინიშნა, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვების ბოლოდროინდელი შეფერხებების ფონზე, შუა დერეფანმა მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელმა საიმედო ალტერნატივამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქმენეთის ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებიც ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლზე, რომელიც შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურასთან შეუფერხებელ წვდომასა და ევროპასთან დაკავშირებას უზრუნველყოფს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ჩართულობაზე დაკავშირებადობის სხვადასხვა ინიციატივაში, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა,
თურქმენეთის მხარემ ინტერესი გამოხატა საქართველოს პორტებთან სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით. გამოითქვა მზაობა საზღვაო სფეროს ციფრული ტრანსფორმაციისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის (NMSW) დანერგვის კუთხით თანამშრომლობაზე.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია, ჩამოყალიბდეს რეგიონულ ციფრულ ჰაბად, რომელიც ევროპასა და აზიას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით დააკავშირებს.
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა
საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. კომისიის სხდომას თურქმენეთის მხრიდან თანათავმჯდომარეობდა ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ნაზარ აგაჰანოვი.
სხდომაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო თურქმენეთს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო თურქმენეთისთვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კარიბჭე და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო კვანძია.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინვესტიციაზე, რომელიც საქართველოს ძირითად სატრანსპორტო - ლოგისტიკურ სექტორში ხორციელდება და მიმართულია შუა დერეფანში ქვეყნის ფუნქციის გაზრდაზე.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას.
სხდომაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხი.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის 2022 წელს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0