აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

© photo : NAEC Georgia / FBშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბუკლეტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბუკლეტები - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2026
გამოწერა
გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, რეგისტრაციისთვის ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულება განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურებოდა.
უწყების ცნობით, გახანგრძლივებული ვადის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასურის (10 ლარი) გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - სარეგისტრაციო თანხის (50 ლარი) დაფარვა.
საფასურის გადახდა ხელმისაწვდომია "საქართველოს ბანკის" პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის ონლაინ სისტემაში (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკში (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალების საშუალებით.
სარეგისტრაციო საფასურის გადახდა წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს, რომლის გარეშე შეუძლებელია რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება.
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან მიმდინარეობს და 11 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს მონაცემების გადამოწმება, არჩევანის დაზუსტება, ასევე საგამოცდო ქალაქისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების მითითება ან ცვლილება შეუძლიათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, რეგისტრაციისთვის ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულება განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ.
საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ორ საფეხურიანია. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ბაკალავრიატის ხარისხის მისაღებად სწავლა 3 წელს გაგრძელდება, ხოლო მაგისტრის ხარისხის - 1 წელიწადს.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. სამედიცინო უმაღლესებში აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ოთხი გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და მეოთხე არჩევითი საგანი (მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა).
რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდას, ის ოთხი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარდა, უმაღლესი დაწესებულების მიერ დაწესებული გამოცდის/გამოცდების ჩაბარებაა.
რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ყველა ახალი ამბავი
0