ქართველი ბიზნესმენები ინვესტიციების გაზრდას გეგმავენ: BAG-ის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2026
გამოწერა
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოში კომპანიების უმრავლესობა (65%) 2026 წელს წინა წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობის გაზრდას გეგმავს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მიერ ჩატარებულ ინვესტიციების კვლევაში.
ინვესტიციების კვლევა „BAG ინდექსის" ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და მიმოიხილავს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას. კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. კომპანიები გამოკითხვაში მონაწილეობდნენ 2026 წლის 4-17 მარტის პერიოდში.
„2026 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული კომპანიების 65%-მა განაცხადა, რომ 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, მათი ინვესტიციების მთლიანი მოცულობა გაიზრდება. ამასთან, რესპონდენტთა 32%-ს აქვს მოლოდინი, რომ ინვესტიციების მთლიანი მოცულობა უცვლელი დარჩება, 3% კი კლებას პროგნოზირებს", - ნათქვამია კვლევაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2026 წელს დარგებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა, სადაც გამოკითხული კომპანიების 81% ინვესტიციების მთლიანი მოცულობის ზრდას გეგმავს.
გარდა ამისა, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში მოქმედი კომპანიების 61% გეგმავს ინვესტიციების მთლიანი მოცულობის გაზრდას, სამშენებლო სექტორში მსგავსი მოლოდინი 60%-ს აქვს.
გამოკითხული კომპანიების 60% ვარაუდობს, რომ გაზრდიან ინვესტიციებს აღჭურვილობის მიმართულებით. 58% ელოდება ინვესტიციების ზრდას პროგრამული უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში, ხოლო 50% - გეგმავს ინვესტირებას შენობა- ნაგებობებში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს. შესაბამისად, ყოველი ჰოლდინგი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს-ორგანიზაციებს. ამრიგად, მთლიანობაში BAG აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.
ყველა ახალი ამბავი
0