სოცდაუცველებსა და მრავალშვილიან ოჯახებს ელექტროენერგიაზე სუბსიდია გაეზარდათ

© photo: Sputnik / Stringerნათურა
ნათურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2026
გამოწერა
სემეკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 5 თეთრით გაიზარდა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცვლილების მიზანია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიაზე გადასახადი 2026 წლის აპრილამდე არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდეს.
მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგია გაძვირდა ყველა ტიპის მომხმარებლისთვის: როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. თბილისსა და რეგიონებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი 5 თეთრით, ხოლო საწარმოებისთვის 4-6 თეთრით გაიზარდა.
კერძოდ, თვეში 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ფასი გაიზარდა 15,04-დან 20,04 თეთრამდე; 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ფასი გაიზარდა 19,05-დან 24,05 თეთრამდე. 301 კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის - 23,54-დან 28,54 თეთრამდე.
აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ პირებს ელექტროენერგიის გაზრდილ და ძველ ტარიფს შორის სხვაობა გადაუხადოს.
მთავრობის დადგენილებით: ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000- ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში, ისინი დახმარების სახით მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8,5 თეთრს - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3,5 თეთრს შეადგენდა. ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8,5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ- სთ-ზე 3,5 თეთრს შეადგენდა.
უწყების ცნობით, სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.
ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებენ მრავალშვილიანი ოჯახებიც - სუბსიდიის ოდენობა 10 ლარს შეადგენს.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ სტატუსის მქონე ოჯახები სოციალური შეღავათის სახით ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.
ყველა ახალი ამბავი
0