საქართველოს რკინიგზას ისტორიული განახლება ელოდება – პროექტის პრეზენტაცია

© courtesy of Georgian Railwayთბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2026
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზა" გეგმავს 50 ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენას.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად „საქართველოს რკინიგზა" მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს, რაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
თბილისში, „საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა, 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, საუბარია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებაზე... შემდეგი 10 წლის განმავლობაში რკინიგზაში განხორციელდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, რომლის საორიენტაციო მოცულობა არის 1,7 მლრდ დოლარი", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზა" შეიძენს 50 ახალ ლოკომოტივს და 1500 ახალ ვაგონს, ასევე 10 ახალი სამგზავრო მატარებელს, რაც მნიშვნელოვნდ გაზრდის ტვირთბრუნვას, გაზრდის კომფორტს და შეამცირებს გადაადგილების დროს მგზავრებისა და სტუმრებისთვის.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ განახლებული რკინიგზის პარკი ქვეყნის მასშტაბით მგზავრობის დროს 24 საათიდან 12 საათამდე შეამცირებს და ამავდროულად გააორმაგებს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობებს.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ „საქართველოს რკინიგზამ" შეიმუშავა განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ეფუძნება სამ საკვანძო მიმართულებას: ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაციას.
თითოეული მიმართულება უზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაში აერთიანებს ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნის საფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდისთვის.
ქვრივიშვილმა „საქართველოს რკინიგზის“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2025 წელს „საქართველოს რკინიგზის“ ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, კომპანიის წმინდა მოგება კი 30%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ოპერაციულ მოგებას, ის 25%-დან 36%-მდე გაიზარდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა, მგზავრობის დრო კი 20%-ით შემცირდა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, აქტიურად ვითარდება სამგზავრო გადაზიდვებიც. კომპანია ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას გეგმავს, რაც „საქართველოს რკინიგზას“ მგზავრთნაკადის გაორმაგების საშუალებას მისცემს. რეფორმის შედეგად, მგზავრობა გახდება უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.
მინისტრის ინფორმაციით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზების სრული რეაბილიტაცია 2026 წლის აგვისტოში დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვებს. შედეგად, მგზავრობის დრო ახალციხის მიმართულებით ორჯერ შემცირდება, ბათუმის მიმართულებით - დაახლოებით 4 საათამდე.
„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია, რომელიც 2027 წლის ზამთარში დასრულდება, რის შედეგადაც მოქალაქეებსა და ტურისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ „კუკუშკის“ უნიკალური მომსახურებით, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სატრანსპორტო, კულტურულ და ტურისტულ მნიშვნელობას", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ამასთან, თავის გამოსვლაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა გასულ წელს „საქართველოს რკინიგზაში“ განხორციელებულ ცვლილებებზე, რამაც კომპანიის საქმიანობა გააუმჯობესა.
კერძოდ, მისი თქმით, მნიშვნელოვანი შედეგები მიღწეული იქნა პერსონალის ოპტიმიზაციის - 1000 ადამიანის შემცირების წყალობით.
„1 000 თანამშრომლის შემცირების ფონზე გაიზარდა მართვის ეფექტიანობა. ოპტიმიზაციის შედეგად „საქართველოს რკინიგზა“ ყოველწლიურად 24 მლნ ლარს დაზოგავს. ეს თანხა მუდმივად მიმართული იქნბა რკინიგზის განვითარებაზე და, შესაბამისად, მოემსახურება ჩვენი ეკონომიკის წინსვლას", — განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კობახიძის განცხადებით, შესყიდვების ოპტიმიზაციისა და კონტრაქტების ღირებულების შემცირების ხარჯზე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ერთჯერადი დანაზოგი მიიღო — ჯამში 190,4 მლნ ლარი. ეს რესურსი სრულად მოხმარდება „საქართველოს რკინიგზის“ შემდგომ განვითარებას, დასძინა პრემიერმა.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო მიმართულებების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რისთვისაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ძირითადი ინფრასტრუქტურული მშენებლობები ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
ყველა ახალი ამბავი
0