„სრულიად აცდენილია რეალობას": საქართველოს საგარეო უწყება ევროპარლამენტის ანგარიშზე

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2026
გამოწერა
ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან „ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება ძირს უთხრის“ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და აზიანებს საერთო ინტერესებს, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ევროპარლამენტის ანგარიში პოლარიზაციის, არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგი მცდელობაა, ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
5 მაისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო. დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა, გამოთქმულია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის გამო. სხდომაზე ანგარიში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა, რომელიც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი.
„ანგარიში წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნის, ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას. მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი და მუქარა, რაც წარმოადგენს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და იწვევს ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სამართლიან შეშფოთებას"-, ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, რომელიც ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ახდენს დეზინფორმაციის ტირაჟირებას.
„შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გრძნობებს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მიუღებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და გეოპოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.
„მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ისეთი წინაპირობების დაყენების მცდელობები, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონში ესკალაციის დამატებითი რისკების შექმნას. ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო, როგორც ევროკავშირის პასუხისმგებლიანი და ერთგული პარტნიორი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე, ნდობაზე და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას.
რა წერია ანგარიშში
ანგარიშის პროექტში ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც განაგრძობს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების გაძლიერების, აგრესიული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ, ფაქტობრივად, შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ხაზგასმულია ევროკავშირისა და რიგი ქვეყნების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ პერსონალური სანქციების მნიშვნელობა, რომლებსაც ბრალს სდებენ დემოკრატიის უკუსვლაში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ოპოზიციისა და აქტივისტების დევნაში.
აღნიშნულია, რომ მსგავსი ზომები განიხილება, როგორც დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი. ამასთან მისასალმებელია ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების მხრიდან სანქციების გაფართოება.
გარდა ამისა, დოკუმენტი მიესალმება 24 ქვეყნის ინიციატივით ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას ისახავს მიზნად. ევროპარლამენტი ასევე მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.
ამასთან, დოკუმენტი შეიცავს გაფრთხილებას, რომ ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, მთელი მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც პასუხისმგებლობა, როგორც აღნიშნულია, „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.
ყველა ახალი ამბავი
0