კალასმა საქართველოს არასწორ კურსზე განაცხადა -„ქართული ოცნების“ პასუხმა არ დააყოვნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2026
გამოწერა
ბრიუსელმა და თბილისმა „დემოკრატიის გზიდან გადახვევის" საკითხზე ურთიერთბრალდებები გაცვალეს
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველო რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში, თუმცა მისი ხელისუფლება, მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გაცხადებული მისწრაფებისა, არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
აღნიშნული განცხადება კალასმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის დაწყებამდე გააკეთა, რომელსაც წელს ერევანი მასპინძლობს. მან ხაზასმის აღნიშნა ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. მისი თქმით, სომხეთში სამიტის ჩატარება ასახავს რეგიონის მნიშვნელობას არა მხოლოდ გეოგრაფიულ, არამედ ღირებულებით კონტექსტში.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალასმა ჟურნალისტებთან.
ევროკავშირის დიპმისიის ხელმძღვანელის განცხადებას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ. დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილის თქმით, სჯობს კალასმა ყურადღება მიაქციოს ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებსა და ევროპული ბიუროკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციას. „ეკონომიკური პარამეტრებიდან დაწყებული, პოლიტიკური სიტუაციებით დასრულებული, ევროპაში ყველაფერი უკან-უკან მიდის“, დასძინა დეპუტატმა.
„ჩვენ ისევ ვეუბნებით, რომ კაია კალასის ნარატივებით ჩვენს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ. უნდათ საუბარი, მზად ვართ. უნდათ ჩვენზე მბრძანებლობა? ამისთვის მზად არ ვართ“, – განაცხადა შარამანაშვილმა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კალასის განცხადებები, „დემოკრატიის უკუსვლაზე“ მოწმობს.
„ეს პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობაა დემოკრატიის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, კაია კალასი დემოკრატიის უკუსვლის გზას ადგას. მაშინ, როცა ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ, თავად დემოკრატიის საფუძველს უგულვებელყოფს“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, „არარჩეული ბიუროკრატია“ არ წარმოადგენს ევროპელ ხალხს და ევროპულ სახელმწიფოებს და მათ განცხადებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
„ეს არის დემოკრატიის უკუსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც სამწუხაროა, რის გამოც ვამბობთ, რომ ევროპა ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა გორდულაძემ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0