რას ითვალისწინებს მამუკა მდინარაძის საქმიანობა სახელმწიფო მინისტრის პოსზე - დეტალები

© photo: Sputnikმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2026
გამოწერა
პოსტის უნიკალურობას ხაზს უსვამს საკუთარი აპარატის არარსებობა - მინისტრის საორგანიზაციო უზრუნველყოფა უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციას ეკისრება
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები სპეციალური დადგენილებით განსაზღვრა.
ამ პოსტზე სუსის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაინიშნა.
მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო მინისტრი ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.
მდინარაძე დააინიციირებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესს და ამ მიზნით კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის შესაბამისი უწყებების საქმიანობას.
გარდა ამისა, ის კოორდინაციას უწევს სუსის, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით.
გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვას, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პირველი სახელმწიფო მინისტრია, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი აპარატი და მის მატერიალურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საკუთარ თავზე მთავრობა აიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0