საქართველოდან კიდევ 103 არალეგალი გააძევეს

© Courtesy of Ministry of Internal Affairმიგრაციის დეპარტამენტი
მიგრაციის დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2026
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ქვეყნიდან გაძევებულია: თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელარუსის, ნეპალის, ტაილანდის, ბანგლადეშის, ეთიოპიის, იემენის, ერაყის, იორდანიის, ნიგერიის, სუდანის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
წელს საქართველოდან გაძევებულ არალეგალთა რაოდენობა უკვე 1000 პირს აჭარბებს, რაც გასული წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, უპრეცედენტო შედეგს წარმოადგენს.
შსს-ს ინფორმაციით, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს იგეგმება ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება.
ხელისუფლებამ შრომითი მიგრაციის დარეგულირების მიზნით კანონმდებლობაც გაამკაცრა. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა სჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება. ასევე ძალაში შევიდა შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე. კერძოდ, უცხოელებს სრულად აეკრძალათ დასაქმება საკურიერო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაყვანაზე, მათ შორის ტაქსით, ასევე ტურისტული გიდების მომსახურების სფეროში.
ბრძოლა არალეგალების წინააღმდეგ
გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან 1311 უცხოელი მოქალაქე გააძევა - აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 2014-2024 წლებში გაძევებულთა საერთო რაოდენობას.
უწყების მონაცემებით, გაძევებულ უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქე იყო. გასულ წელს საქართველოდან ჯამში ინდოეთის 269 მოქალაქე გააძევეს.
გაძევებული უცხოელების რაოდენობით მეორე ადგილზე თურქეთია. ამ პერიოდში საქართველოდან თურქეთის 176 მოქალაქე გააძევეს. მესამე ადგილზე ირანია - 157 მოქალაქე.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2025 წელს საქართველოდან აზერბაიჯანის 39, სომხეთის 26 და რუსეთის 73 მოქალაქე გააძევეს.
ყველა ახალი ამბავი
0