ახალი სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
ახალ სტრუქტურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება, განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაჩნდება.
„თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ ეს მსჯელობის საგანი იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მაინც პოლიტიკური თანამდებობაა, ამან გარკვეული თვალსაზრისით თუნდაც შეკითხვები რომ არ გამოიწვიოს, ამ ეტაპზე სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებში თავდაცვის სტრუქტურის კოორდინაცია არ იგეგმება“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
საქართველოს მთავრობაში ახალ სტრუქტურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. მდინარაძე, პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოზიციასაც დაიკავებს. ახალი სახელმწიფო უწყების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები — კანონში „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შესაბამის შესწორებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.
პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას: მთავრობამ უნდა განსაზღვროს ახალი სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები და საქმიანობის სფერო, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს კანონქვემდებარე აქტები.
კანონპროექტისგანმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭიროა მთავრობის ფარგლებში ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმის არსებობა.
მან უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერაციების კოორდინაცია, უწყებების მუშაობის ეფექტიანობის შეფასება და გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირება. ასევე, გათვალისწინებულია კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში ურთიერთქმედება პროკურატურასთან, მაკონტროლებელ ორგანოებსა და სასამართლო სისტემასთან.
საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის კომიტეტებში, მათ შორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, რის შემდეგაც პროექტი, შესაძლოა, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავიდეს
მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. ამ პოზიციაზე ყოფნისას მან საზოგადოებას არაერთი კორუფციული სკანდალის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და უცხოური ძალების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის ფაქტების გამოვლენით დაამახსოვრა თავი.
ყველა ახალი ამბავი
0