ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი და პაველ ჰერჩინსკი
მაკა ბოჭორიშვილი და პაველ ჰერჩინსკი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
ბოჭორიშვილის თქმით, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში თუ რამე არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში, უნდა გამოსწორდეს დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასთან
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ბრიუსელის ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საგარეო უწყებაში ბრიუსელში მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ქვეყნის პირველ დიპლომატთან შეხვედრაზე დაიბარეს - ჰერჩინსკიმ ბრიუსელში გამართულ ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“ განაცხადა, რომ ქვეყანა „არასწორ ტრაექტორიაზეა“ და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდება.
„მსგავსი ნაბიჯები, რომელიც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის, იმ ურთიერთობებს, რაც არის საქართველოსა და ბრიუსელს შორის და მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩს გააცნეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„ყველაფერი, რაც კეთდება ბოლო პერიოდში, მიმართულია ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ, რაც მიუღებელია. ასეთ ნაბიჯებს ვერ აღვიქვამთ მეგობრულ და პარტნიორულ ნაბიჯებად", - აღნიშნა მინისტრმა.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში თუ რამე არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში, უნდა გამოსწორდეს დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასთან.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრო უკომენტაროდ დატოვა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0