შანხაის და თბილისს პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს

© Courtesy of China Eastern AirlinesChina Eastern Airlines
China Eastern Airlines - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2026
გამოწერა
თბილისში ასევე დაფრინავს სხვა ჩინური ავიაკომპანიაც, Air China, რომელიც 2025 წლის დეკემბრიდან ასრულებს რეისებს პეკინი-ურუმჩი-თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით,
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik.15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ავიაკომპანია China Eastern Airlines რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მთავარ საფინანსო ცენტრთან საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისი-შანხაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ თბილისში ასევე დაფრინავს სხვა ჩინური ავიაკომპანიაც, Air China, რომელიც 2025 წლის დეკემბრიდან ასრულებს რეისებს პეკინი-ურუმჩი-თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი).
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოფიციალური პარტნიორი ქვეყნის სტატუსზე აზიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე, ITB China 2026-ზე, რომელიც მიმდინარე წლის 26-28 მაისს შანხაიში გაიმართება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებას.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0