მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა

© Courtesy of Mariam Kvrivishviliმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პეკინში იმყოფება.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის, Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე ჰუანლონგ ჩენთან, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
მარიამ ქვრივიშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პეკინში 22 აპრილს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან გამართავს.
მარიამ ქვრივიშვილმა Geo-Jade Petroleum-ის ხელმძღვანელს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო.
"საუბრისას აქცენტი გაკეთდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ორმხრივი უვიზო მიმოსვლა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის", – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ჩინური მხარე საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორით დაინტერესდა.
Geo-Jade Petroleum Corporation ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2P მარაგები 1,3 მლრდ ბარელ ნავთობის ექვივალენტს უტოლდება. კომპანია გლობალურ ბაზრებზე ოპერირებს და მომპოვებელ აქტივებს მართავს სხვადასხვა ქვეყნებში.
Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, სსიპ "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, სსიპ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა და ჩინეთში საქართველოს დესპანმა ბესიკ შარაშენიძემ.
საქართველო და ჩინეთი
ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდდოლარს გადააჭარბა, რაც 20,7%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0