ევროკავშირის ელჩი კვლავ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
თბილისში ხაზს უსვამენ, რომ სუვერენულ საქართველოს სჭირდება თანასწორი პარტნიორები და არა „ბატონები“, რომლებიც პოლიტიკურ ნებას ულტიმატუმებითა და „ბნელი წარსულით“ დაშინებით კარნახობენ.
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და განაცხადა, რომ მისი განცხადებები ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მიუღებელი და საგანგაშოა.
ქართული ტელეარხების ცნობით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც ბრიუსელში ფოტოგამოფენას „საქართველო ფოკუსში“ დაესწრო, განაცხადა, რომ ქვეყანა „არასწორ ტრაექტორიაზეა“. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება და არა თავის „ბნელ წარსულს“.
„როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩი ტრაგიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც მას უწევს მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„ამ განცხადების შეფასებაც კი რთულია ჩემთვის. როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. შეუძლებელია ამის შეფასება. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბატონი ელჩი არის სამწუხაროდ, ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ეს ძალიან საგანგაშო განცხადება იყო, რადგან მასში ომსა და სამოქალაქო არეულობაზე იყო საუბარი.
ის ფიქრობს, რომ აუცილებელია ჰერჩინსკის დაბარება განმარტებისთვის.
„ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხები გვჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს არაფრისგან გადაუხვევია და ის დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანაა.
„ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და არა ბატონები, რომლებიც თითს დაგვიქნევენ“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0