ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

© Courtesy of Ministry of Defence of Georgia of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე და პრინც ჰარი
ჯუანშერ ბურჭულაძე და პრინც ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე ფულის გათეთრების საქმეზე 11 სექტემბერს დააკავა.
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ექს-მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში და მას 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა ქონებაც – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი. სასამართლომ ასევე ბურჭულაძეს ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ხაინდრავას ორი წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა, მხეიძეს კი ქონება ჩამოერთვა.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მასთან ორი კვირის წინ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. კერძოდ, ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10.000-ლარიანი ჯარიმის პირობით, ასევე, მას ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2023 წელს სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენისას 1,3 მილიონი ლარის გათეთრება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით მისმა იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად.
დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1.333.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
2025 წლის იანვარში ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ 544.000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხსენებული 544.000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით 2025 წლის მარტში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითიც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1.593.212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.
ყველა ახალი ამბავი
0