სააკაშვილის გავლენა, „ალიანსი" და განხეთქილება: ოპოზიციის შიგნით კონფლიქტი მწვავდება

© Courtesy of Opposition Alliance"ოპოზიციის ალიანსი"
ოპოზიციის ალიანსი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2026
გამოწერა
მმართველი პარტიის გენმდივნის განცხადებით, „ოპოზიციის ალიანსის“ წევრებს ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრა არ აქვთ, „აცდენილები არიან“.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. „ოპოზიციური ალიანსის" შიგნით არსებული განხეთქილება და მისი ლიდერების განცხადებები ადასტურებს, რომ გაერთიანება გარე ძალების ზეგავლენით ჩამოყალიბდა და მყარი იდეოლოგიური საფუძველი არ გააჩნია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მანამდე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის გზა უნდა იყოს „ქართული და არა უნგრული“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ერთადერთი გამოსავალი რევოლუციაა“. მან ოპოზიცია „ქუჩის აქტივობის“ დაბალი ხარისხის გამოც გააკრიტიკა.
საპასუხოდ, „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია გამოაცხადოს თავი საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ოპოზიციის ერთპიროვნულ ლიდერად. მოგვიანებით სააკაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თანამებრძოლებს საქმეზე კონცენტრირებისა და „მისი გავლენისგან გათავისუფლებისკენ“ მოუწოდა.
„ყველაფერი ნათელია, თუ როგორ უპირისპირდებიან და ლანძღავენ ერთმანეთს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გარედან იმართებიან, ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ და ქვეყნის მტრები არიან“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ალიანსის წევრებს შორის შიდა კონფლიქტები აჩვენებს, რომ საუბარი იყო არა ქვეყნის ან ხალხის გამო ერთიანობაზე, არამედ „პოლიტიკურ პროექტზე, რომელმაც მდგრადობა სწრაფად დაკარგა“.
„მათი ერთობა, რა თქმა უნდა, გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო. ეს არ იყო არანაირ იდეოლოგიაზე, ან ქვეყნის სიყვარულსა თუ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული ერთობა. ეს იყო გარედან მიცემული მითითება თავიანთი პატრონების მიერ“, - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილისა და ნიკა გვარამიას ალიანსმა ცენზურა დააწესა სააკაშვილის მიმართ, რომელსაც მან „ამ ბანაკის ფაქტობრივი პოლიტიკური ლიდერი“ უწოდა.
მისი თქმით, მსგავსი ვითარება ყოფილი პრეზიდენტისთვის სერიოზული შეურაცხყოფაა და ოპოზიციაში არსებულ შიდა წინააღმდეგობებს ასახავს. რაქვიაშვილმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ალიანსი ადრე თუ გვიან მაინც დაიშლება.
„ალიანსი ადრე თუ გვიან მაინც დაიშლება, — განაცხადა მან. — თუმცა, სააკაშვილის ყველა პატიოსანი მხარდამჭერი ვალდებულია, მოითხოვოს იმ „წურბელებისგან“ გათავისუფლება, რომლებიც მის რეიტინგს ინაწილებენ და მასვე აყენებენ შეურაცხყოფას“.
პოლიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ სააკაშვილმა „ბოლომდე უნდა თქვას სიმართლე ამ ადამიანების შესახებ“, რადგანაც მათ შესახებ ექს-პრეზიდენტმა სხვებზე მეტი იცის.
„ოპოზიციის ალიანსი"
2026 წლის მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების განცხადებით, ალიანსის მიზანი „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც ალიანსი შეიქმნა, ფაქტობრივად, აგრძელებს ძველებურად მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს და მათ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
ყველა ახალი ამბავი
0