Trump Tower-ის მშენებლობა თბილისში - ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი - ნარიყალა
თბილისი - ნარიყალა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2026
გამოწერა
ასეთი კლასის ობიექტის გაჩენა თბილისში ფასებისა და არქიტექტურული სტანდარტების „ზედა ზღვარს“ აწესებს.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისში Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური დისკუსიის მიზეზი გახდა. მმართველი გუნდი ინვესტიციების ზრდასა და ქვეყნის იმიჯის გაძლიერებაზე საუბრობს, ოპოზიცია კი მოუწოდებს საზოგადოებას, პროექტის მნიშვნელობა გადაჭარბებულად არ შეაფასონ.
The Trump Organization-მა ახალ პროექტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა. როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი იუწყება, მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანია Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, Trump Tower Tbilisi-ის რეალიზაცია არა მხოლოდ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი კომპანიის საქართველოში შემოსვლა ადასტურებს, რომ ქვეყანას ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო აქვს და ის ეკონომიკურად მიმზიდველია.

„როდესაც ტრამპის კომპანია საკუთარ სახელით, საკუთარი ბრენდით შემოდის საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს. ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ ამ რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ამ ჯერზე, ალბათ, ამერიკანიზაციას გამოაცხადებს პრობლემად“.
„არ ვიცი თუ რას იტყვის ოპოზიცია. ალბათ, ამ ჯერზე ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად. სინადვილეში საქმე ძალიან მარტივადაა. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით, საქართველო მსოფლიოში და არამხოლოდ რეგიონშია ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით“, -განაცხადა პაპაუშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არის მშვიდობის და სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ცათამბჯენის მშენებლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობას არ ნიშნავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტ რომან გოცირიძის თქმით, პროექტთან დაკავშირებული ინტერესები დამატებით კითხვებს ბადებს.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საუბარია ფრანჩაიზის ტიპის პროექტზე, რომლის განხორციელებაც, სავარაუდოდ, ადგილობრივი ბიზნესის მონაწილეობით იგეგმება. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის ცათამბჯენის რეალიზაციას წლები სჭირდება და ჯერჯერობით უცნობია, რეალურად განხორციელდება თუ არა პროექტი.
„სანქცირებული ივანიშვილი ეძებს თავის გადარჩენის გზებს. თავისი, ასე ვთქვათ, ქვეშევრდომები, მის მიერ ნაკვები ბიზნესმენები, ამ ბიზნესმენებმა შექმნის რაღაც კონსორციუმი, სადაც, რა თქმა უნდა, იქნება უდიდესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ფული, ირიბი გზით შემოტანილი, და აი, ამ იდეით ახლა ელაპარაკებიან ტრამპს“, - განაცხადა გოცირიძემ.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის რეალიზაციაში ამერიკულ მხარესთან ერთად ქართული კომპანიები — Archi Group-ი და Biograpi Living-ი მიიღებენ მონაწილეობას.
2012 წელს The Trump Organization-მა ბათუმში Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ განაცხადა. პროექტი Silk Road Group-თან პარტნიორობით 47-სართულიანი მულტიფუნქციური შენობის, Trump Riviera-ს აშენებას ითვალისწინებდა, თუმცა, მოგვიანებით, აღნიშნული პროექტი გაუქმდა.
ყველა ახალი ამბავი
0