თბილისში Trump Tower-ი აშენდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2026
გამოწერა
ცათამბჯენის დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში. დეტალები არქიტექტურის, დიზაინისა და გაყიდვების შესახებ უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია Trump Organization-ი, პარტნიორებთან ერთად, თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს, იუწყება The Wall Street Journal-ი.
საქართველოში Trump-ის ბრენდის დაბრუნების მეორე მცდელობაა. 2012 წელს ბათუმში დაგეგმილი პროექტი, მაშინ ტრამპის თქმით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით შეჩერდა. შედეგად, 2017 წელს დონალდ ტრამპის ძირითადმა კომპანია Trump Organization–მა ბათუმში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტიდან Trump Tower-ის გასვლის შესახებ განაცხადა.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ის აშენებას გეგმავს.
პროექტი, რომელშიც მონაწილეობს ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერი, ტრამპის ყოფილი პარტნიორი – Sapir Organization-ი და ქართული უძრავი ქონების კომპანიები Archi Group-ი და Biograpi Living-ი, საქართველოში ტრამპის ბრენდის შემოსვლასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. დიზაინერი იქნება არქიტექტურული კომპანია Gensler-ი.
„კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის აშენება იგეგმება, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის ოჯახის კომპანიამ საზღვარგარეთული ბიზნესისადმი მიდგომა ტრამპის მეორე ვადის დროს“, – წერს გამოცემა.
მულტიფუნქციური დანიშნულების ცენტრი გააერთიანებს მაღალი კლასის სავაჭრო რეზიდენციებს, ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და დასასვენებელ სივრცეებს.
როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, Trump Organization-ის ვიცე-პრეზიდენტის და ასევე დონალდ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თქმით, აღნიშნული ცათამბჯენი საქართველოში კომპანიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს დაამკვიდრებს.
„ახალი პროექტი ასევე აცოცხლებს ტრამპის ბრენდსა და საქართველოს შორის უცვლელ ისტორიას", - წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპს საქართველოში წლების წინაც სურდა ცათამბჯენის აშენება, თუმცა, სხვა ქვეყნებში დაგეგმილი არაერთი პროექტის მსგავსად, „ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის გამო მასზე უარი თქვა“.
„2012 წელს ტრამპის ორგანიზაციამ გამოაცხადა უძრავი ქონების პროექტის გეგმები შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში, თუმცა კომპანიამ უკან დაიხია ამ პროექტიდან და სხვა მრავალი საგარეო გარიგებიდან, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, თავიდან აეცილებინა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობა“, – წერს გამოცემა.
Archi Group-ი საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დომინანტი მოთამაშეა, რომელსაც 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი და ათიათასობით ჩაბარებული ბინა აქვს. Biograpi Living-ს ზურგს კი მსხვილი ქართული კონგლომერატი უმაგრებს, რომლის ინტერესებიც ენერგეტიკას, საცალო ვაჭრობასა და უძრავ ქონებას მოიცავს.
Sapir Organization-ს განხორციელებული აქვს მაღალი დონის პროექტები მანჰეტენსა და მაიამიში და ტრამპის ოჯახთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, მისმა კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებზე ლიცენზირებისა და ბრენდირების სტრატეგია გააძლიერა. მსგავსი პროექტების განხორციელება უკვე ახლო აღმოსავლეთში, ვიეტნამსა და ინდოეთში დაიწყო.
ცათამბჯენის დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში. დეტალები არქიტექტურის, დიზაინისა და გაყიდვების შესახებ უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0