საქართველოში მიუსაფარი ძაღლებისთვის სამი ახალი თავშესაფარი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerმიუსაფარი ძაღლი
მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2026
გამოწერა
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს.
"ქვეყანაში არსებული თავშესაფრების ქსელის გაფართოება და დამატებით სამ რეგიონში ახალი ობიექტების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამის ჰუმანური მეთოდებით, კასტრაცია/სტერილიზაციის გზით, ეფექტიანად განხორციელებას", - განაცხადა ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ექსპერტმა ლაშა გეგეჭკორმა.
პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, უკვე შერჩეულია შესაბამისი ტერიტორიები თავშესაფრების ასაშენებლად. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის წარმომადგენლები.
"აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა სამივე რეგიონში, სადაც განიხილეს ინფრასტრუქტურული საჭიროებები და პროექტის განხორციელების ეტაპები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტომ "ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის" განხორციელება მარტის დასაწყისში დაიწყო. პროგრამის მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
ყველა ახალი ამბავი
0