რატომ დახურა ცა საქართველომ აბასთუმნის თავზე

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia ობსერვატორია
ობსერვატორია - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2026
გამოწერა
„კრისტალური“ ცის შენარჩუნება და გამაჯანსაღებელი კურორტის სახელის აღდგენა - ამ მიზნებს ემსახურება შეზღუდული წვდომის ზონის შექმნა
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს საჰაერო სივრცეში შეზღუდული წვდომის ზონის შემოღება, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს აბასთუმნის ტურისტულ პოტენციალს და მის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
16 აპრილს საქართველოს მთავრობამ აბასთუმნის თავზე საჰაერო სივრცის გამოყენების ახალი რეჟიმი შემოიღო, რომელიც საჰაერო მოძრაობას დაახლოებით 52 კილომეტრის რადიუსში ზღუდავს. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზანია ასტრონომიული დაკვირვებებისთვის ატმოსფერული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. აბასთუმანში მდებარეობს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1932 წელს აშენდა.
როგორც იოსელიანმა განაცხადა, ცვლილებები ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, კერძოდ კი საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობის მინიმიზაციას და, შესაბამისად, ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხის დაცვას.
მისი თქმით, ასტროფიზიკური ობსერვატორია მნიშვნელოვანი სამეცნიერო ობიექტია და მისი ეფექტური ფუნქციონირება პირდაპირ დამოკიდებულია გარემო პირობების შენარჩუნებაზე.
„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის შემდგომი, კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

კურორტის ისტორია
კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 235 კილომეტრის დაშორებით, ადიგენის რაიონში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
აბასთუმანი ქალაქის ტიპის დასახლებაა მთის ჰაერით, რომელიც საუკუნოვანი ფიჭვებისა და ნაძვების ნაწილაკებითაა გაჟღენთილი. სწორედ ეს ნაწილაკები ამდიდრებენ აბასთუმნის ჰაერს სამკურნალო თვისებებით, რომელიც განსაკუთრებით კარგია არაჯანსაღი ფილტვების მქონე ადამიანებისთვის.
ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანმდევი დაავადებები, პლევრიტი, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმა - ამ დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდებულია კურორტი აბასთუმანი.
გარდა ამისა, კურორტი აბასთუმანი ცნობილია თერმული წყლებით. მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ძირითადად, აბაზანებისთვის გამოიყენება.
კურორტი აბასთუმანი XIX საუკუნის შუა პერიოდში დაფუძნდა. აბასთუმნის გვერდით რეგიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0