გივი მიქანაძე გაეროს ფორუმზე: ახალგაზრდული პოლიტიკა პრიორიტეტშია

© Courtesy of Givi Mikanadzeგივი მიქანაძე
გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობის სტრატეგია თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს გააძლიეროს გლობალური პლატფორმის „გზას 2030 წლისკენ“ აქტიური მონაწილის სტატუსი
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობის გაფართოება პრიორიტეტად მიაჩნია, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე (2026 ECOSOC Youth Forum) სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები გააცნო.
„ჩვენი სტრატეგია, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებას ემსახურება, თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. ყოველწლიურად საქართველოში 20.000-ზე მეტი ახალგაზრდა სარგებლობს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამებით, მათ შორის ბანაკებით, ფორუმებით, ფესტივალებითა და მოხალისეობრივი ინიციატივებით“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წელს უკვე დაახლოებით 100 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტმა წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ECOSOC-ის ახალგაზრდული ფორუმი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრებს, ახალგაზრდა დელეგატებსა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ღონისძიება მოიცავდა პლენარულ და თემატურ სამუშაო სესიებს, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა საკითხზე დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.
ახალგაზრდული ფორუმის 2026 წლის თემაა — „ინოვაცია, ერთიანობა და ტრანსფორმაცია: ახალგაზრდები ქმნიან გზას 2030 წლისკენ“.
ფორუმში 100-მდე ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრი, სფეროს ლიდერი და ახალგაზრდა დელეგატი მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0