მცირე ბიზნესის მხარდაჭერა: მერია მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტს ზრდის

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2026
გამოწერა
ადგილობრივი წარმოების გაძლიერება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია, განაცხადა თბილისის მერმა
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერიამ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა 2025 წელს აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებას იღებენ ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები , რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს. თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოვაყალიბოთ და ასევე გავაფართოვოთ დაფინანსება. გასულ წელს თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 ათას ლარამდე იყო, წელს კი თანადაფინანსება 50 ათას ლარამდე გაიზრდება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გასულ წელს პროგრამის ფარგლებში 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა. მეწარმეებმა შეიძინეს საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა. ბენეფიციართა შერჩევა-შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქტიური საწარმო გააჩნიათ და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმასა და ხედვას მათი ბიზნესის განვითარებისთვის.
„თანადაფინანსების პროპორციულობა შემდეგნაირად გადანაწილდა: 5 ათას ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება; 5 ათასიდან 20 ათასი ლარის ჩათვლით - 85%; 20 ათასიდან 30 ათაასი ლარის ჩათვლით ჩვენი მხრიდან დაფინანსება 80%-მდე იქნება, ხოლო 30 ათასიდან 50 ათას ლარის ჩათვლით მუნიციპალიტეტის მხრიდან 70%-იანი დაფინანსება განხორციელდება", - განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან იგი ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროგრამის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა ხელს უწყობს მოქმედი ბიზნესების კიდევ უფრო ზრდას, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ერთობლივი ძალისხმევით ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, დასძინა მერმა.
„პროგრამაში მონაწილეებისთვის საბუთების მიღება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თარიღებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0