ქვეყნის პირველმა პირებმა საქართველოს მოსახლეობას აღდგომა მიულოცეს

© photo: Sputnik / Stringerსიონის ტაძარი
სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2026
გამოწერა
12 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს, ხელისუფლების წარმომადგენლები სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ.
„ქრისტე აღდგა“, „გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელებში მისალოცი ქარდები გამოაქვეყნეს.
სადღესასწაულო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიომ აღავლინა.
წელს, აღდგომის პირველი დღესასწაულია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე აღინიშნება.
საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
აღდგომა ყოველწლიურად აღინიშნება გაზაფხულზე, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არსებობს - ის საგანგებო საეკლესიო კალენდრით დგინდება. წელს აღდგომა 20 აპრილს აღინიშნება.
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.
ქრისტიანები აღდგომისთვის 48 დღე ემზადებიან - ამდენ ხანს გრძელდება დიდი მარხვა.
ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“
ყველა ახალი ამბავი
0