უნგრეთის ფრონტზე ამ ეტაპზე სიმშვიდეა: ქართველი დამკვირვებლები საარჩევნო პროცესზე

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი  - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2026
გამოწერა
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ვიქტორ ორბანი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, რომლებიც უნგრეთში არჩევნების პროცესს აკვირდებიან, კენჭისყრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში ნაწილდება მარტივი უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი — პროპორციულად. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა – 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.
„ეს საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. ზოგიერთ ასპექტში იგი იმ მოდელს ჰგავს, რომელიც საქართველოში 2020 წლამდე მოქმედებდა“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, ეს არის შერეულ საარჩევნო სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატების ნაწილი მაჟორიტარული, ნაწილი კი პროპორციული წესით აირჩევა.
„რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, საქართველოსგან განსხვავებით, აქ მეორე ტური არ იმართება. პროპორციულ ნაწილში კი 5%-იანი ბარიერი მოქმედებს. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. დაველოდოთ შედეგებს. უნგრეთის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ასი მანდატი უნდა მიიღოს“, — აღნიშნა კახიანმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართველი დამკვირვებლები რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და არსებითი დარღვევები არ გამოუვლენიათ.
„მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი და ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მხარს უჭერენ. უნგრეთი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შეიმჩნევა გარკვეული ზეწოლა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ისინი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას უჭერენ მხარს“, — განაცხადა მათიკაშვილმა.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ადგილობრივ ორგანიზატორებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან არჩევნების ჩატარებაზე. პროცესი აბსოლუტურად მშვიდად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს იმ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში, უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს“, — აღნიშნა მეზურნიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრები ბუდაპეშტში უნგრული მხარის მიწვევით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებიან.
საქართველო და უნგრეთი
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0