საქართველოში პლასტმასის ბოთლების აკრძალვა გადავადდა: მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2026
გამოწერა
ბიზნესი და ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ბაზრიდან პლასტმასის ბოთლების ამოღება გამოიწვევდა ორი და მეტი ლიტრის მოცულობის გაზიანი სასმელების გაქრობას.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლის ვადით, 2031 წლის 1-ელ თებერვლამდე გადავადდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გასულ თვეში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება სრულად უნდა აკრძალულიყო, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კი პლასტმასის ბოთლებით სასმელების აკრძალვა კაფეებსა და რესტორნებზე გავრცელდებოდა. მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად ეკოლოგიაზე ზრუნვა დაასახელა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედების გადავადების გადაწყვეტილება ბიზნეს-სექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
„როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ბიზნესი და ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ბაზრიდან პლასტმასის ბოთლების ამოღება გამოიწვევდა ორი და მეტი ლიტრის მოცულობის გაზიანი სასმელების გაქრობას, რადგან მსგავსი მოცულობის შუშის ბოთლების წარმოება სასმელის ღირებულებას მინიმუმ 50%-ით გაზრდიდა. სხვა მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების წარმოების ღირებულება დაახლოებით 20-30%-ით გაიზრდებოდა.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე აკრძალულია ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. "საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე. აკრძალვა გავრცელდა არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. ქვეყანამ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების და ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ყველა ახალი ამბავი
0